ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და მილანის ინტერს შორის თანამშრომლობა 5 წლით გახანგრძლივდა

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი-სა და Inter-ს შორის ხელშეკრულება 5 წლის ვადით, 2029 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდა.
ინტერ აკადემია საქართველო ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და მილანის ინტერის პარტნიორობით შექმნილი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებასა და აღზრდას, ინტერის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით
აკადემიაში, რომელიც თბილისში 2022 წლიდან ფუნქციონირებს, დღეისათვის 500-მდე მოთამაშე ირიცხება.
პროექტის ფარგლებში, ინტერის აკადემიის მწვრთელები მუდმივად სტუმრობენ საქართველოს და ახალგაზრდა ფეხბურთელების კვალიფიკაციის ამაღლებაში ერთვებიან. ყოველწლიურად, ინტერ აკადემია საქართველოს ერთ-ერთი გუნდის ფეხბურთელები და მწვრთნელები მიემგზავრებიან მილანში, სადაც მონაწილეობას იღებენ ინტერის მიერ სპეციალურად შექმნილ აქტივობებში, ესწრებიან ინტერის მილანის საშინაო მატჩს, ვარჯიშობენ იტალიელ მწვრთნელებთან ერთად და ატარებენ ამხანაგურ მატჩებს ადგილობრივ გუნდებთან.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „ინტერ აკადემია საქართველოს“ 16-წლამდე გუნდმა წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ასპარეზზეც და საბერძნეთში, Elite Neon Cup-ის ტურნირზე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ასევე, ინტერ აკადემია საქართველოს ფეხბურთელები გამოიძახეს საქართველოს 15 და 16-წლამდელთა გუნდებში.
ინტერის აკადემია ჩართული იყო ლეგენდების სერიის მატჩშიც, რომელიც ქართველ და ინტერის ლეგენდებს შორის, ბათუმში გაიმართა.
 მომდევნო 5 წლის განმავლობაში აკადემიაში ინტერთან კოლაბორაციით სხვადასხვა ღონისძიებები და აქტივობები იგეგმება.