სფფ-ს ვიზიტი ინტერის აკადემიაში

14 ივნისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საფეხბურთო კომპლექსს, სადაც უკვე რამდენიმე თვეა მილანის „ინტერის“ აკადემია ფუნქციონირებს, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ესტუმრა. შეხვედრას ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე დავით კერესელიძე და ინტერის აკადემიის დირექტორი ანა წერეთელი ესწრებოდნენ. სტუმრებს, დავით კერესელიძემ აკადემიის განკარგულებაში არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა, რომელიც უმაღლესი ხარისხის ხელოვნურსაფარიან 5 მოედანს, ტრიბუნებს, გასახდელებსა და საჭირო სიმძლავრის განათებას მოიცავს. აკადემიაში ჩარიცხული 5-დან 15-წლამდე ასაკის ბავშვებისათვის კი საწვრთნელ პროცესს, სფფ-ის მიერ გაცემული უეფას ლიცენზიის მქონე კვალიფიციური მწვრთნელები უძღვებიან.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „ნამდვილად ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა დაგვხვდა, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დავით კერესელიძეს, ნიუ ვიჟენს. ინტერის აკადემიაში, რომელიც აქ ფუნქციონირებს, გაიზრდებიან ქართველი ბავშვები და ეს ჩვენი ფეხბურთის და ქვეყნის ხვალინდელი დღეა. ყოველთვის ვიძახდი და გავიმეორებ, რომ ინფრასტრუქტურა არის  ფუნდამტენტი ჩვენი განვითარების და მიხარია, რომ არა მხოლოდ ფეხბურთის ფედერაცია და სახელმწიფო, არამედ კერძო სექტორი, ამ შემთხვევაში ბატონი დავითის სახით შემოვიდა და ძალიან ბევრს აკეთებს. დარწმუნეული ვარ, მას ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, დიდი მხარდაჭერა ექნება, რაც მოტივაცია იქნება, რომ მეტი ინვესტიცია განხორციელდეს ქართულ ფეხბურთში”.

დავით კერესელიძე (ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე): „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო პროექტია ინტერის აკადემია საქართველო. ფეხბურთის განვითარება დავაკავშირეთ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან. ვთვლით, რომ ფეხბურთი საქართველოში ადამიანებს უყვართ, ესმით და მომავალი წინსვლისთვის მნიშვენლოვანია, რომ ვიყოთ წარმატებულები სპორტის ამ სახეობაში. შესაბამისად, ეს ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა იმ მიზნით, რომ ინტერის აკადემიას საქართველოში ჰქონდეს არანაკლებ სასიამოვნო სათამაშო და საწვრთნელი პირობები, როგორც აქვს უშუალოდ მილანში”.