იტალიური „ინტერი“ საქართველოშია

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, გაზაფხულიდან საქართველოში ფუნქციონირებას დაიწყებს, მილანის „ინტერის“ პირველი ბავშვთა საფეხბურთო აკადემია.

იტალიური მხარის საფეხბურთო შეხედულებები და პოლიტიკა, მსოფლიოს მასშტაბით, მიზნად ისახავს გეოგრაფიის ზრდას. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან შეთანხმებისა და თანამშრომლობის შედეგად, ახლა უკვე „ინტერის“ რიგით მეოცე ბავშვთა საფეხბურთო აკადემია ბინას, თბილისში დაიდებს.

NVU-ის ხელძღვანელობა, სრულად იზიარებს „ინტერის“ აკადემიის მიერ ახალგაზრდების აღზრდაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს, რომელიც თანაბრად ეყრდნობა და ეფუძნება მოზარდების სპორტულ, პიროვნულ და საგანმანთლებლო განვითარებას.

ამ პარტნიორობისა და თანამშრომლობის საფუძველზე, NVU-ის ხელმძღვანელობა მიზნად ისახავს საქართველოში იმ პოზიტიური გავლენის დამკვიდრებას, რომლის ხარჯზეც, მოზარდები გაითავისებენ ყველა იმ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ღირებულებას, რომელიც საფეხბურთო სამყაროს განუყოფელი ნაწილია.

 

”ინტერის“ აკადემიის გახსნა წარმოადგენს მისი განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს შესაძლებელს ხდის პროექტის გაფართოებას, არამედ იმიტომ, რომ შეთანხმება დადებულია უნივერსიტეტთან ერთად, რომელიც სრულად იზიარებს ინტერის ხედვას, ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლების შესახებ.”- აცხადებს FC Internazionale Milano– ს აღმასრულებელი დირექტორი ალესანდრო ანტონელო.

 

”ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ პარტნიორობაზე შევთანხმდით, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი და გამორჩეული ტრადიციების მქონე საფეხბურთო ბრენდთან. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოში ინტერის აკადემია ძალიან წარმატებული პროექტი იქნება. ამის მყარი გარანტი კი ისეთ წამყვან კლუბთან თანამშრომლობაა, როგორიც მილანის „ინტერია“. ჩვენ თანამოზიარენი გავხდებით იმ დიდი გამოცდილების, რომელიც იტალიურ მხარეს გააჩნია.

ახალგაზრდების სწორად განვითარების მიზნით კი აკადემიაში მოვიწვევთ „ინტერის“ მაღალკვალიფიციურ მწვრთნელებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ  ახალგაზრდა ფეხბურთელების ზრდას. ”- აცხადებს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, დავით კერესელიძე.

 

საქართველოში, „ინტერის“ აკადემია ფუნქციონირებას, გაზაფხულიდან დაიწყებს.